26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - საქმის 3 წლიანი განხილვის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა მხოლოდ გამოძიების პროცედურულ ნაწილში დაადგინა

მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - საქმის 3 წლიანი განხილვის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ დარღვევა მხოლოდ გამოძიების პროცედურულ ნაწილში დაადგინა. სასამართლომ ვერ დაინახა სიცოცხლის უფლების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არასათანადო, ლეტალური ძალა არ გამოუყენებია. სტრასბურგმა არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა საჩივარი, რომელიც არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას შეეხებოდა. თუმცა ევროსასამართლომ მომჩივანი მხარისთვის საქართველოს მთავრობას მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

რატომ ვერ დადგინა სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტება? - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამას საქმეში არასაკმარის მტკიცებულებებს და გამოძიების პროცესში დარღვევებს უკავშირებს. სამართლებრივი განმარტებები ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამაც გააკეთა. უკვე ცნობილია, რომ იურისტები ვერდიქტის გასაჩივრებას ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში აპირებენ.

სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რომ სპეცოპერაცია კანონის შესაბამისად ჩატარდა. უწყებაში ამბობენ, რომ მტკიცებულება, რომელიც მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში სახელმწიფოს ბრალეულობას დაადასტურებდა, არ არსებობს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას სამართლებრივის გარდა პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ მაჩალიკაშვილების სარჩელი სრულად? - ოპოზიცია ოჯახის პოზიციას იზიარებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე რომ მხოლოდ სამართლებრივად უნდა განხილულიყო, ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობა უფრო დარწმუნებით საუბრობს. აცხადებენ, რომ საკითხი თავის დროზე პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებისას მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გამოყენება სცადა, საპასუხოდ კი სპეცრაზმელმა "პროპორციული ძალა" გამოიყენა. წლების განმავლობაში ოჯახი ამტკიცებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს. საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საპროტესტო აქციებსაც მართავდა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვდა. ბოლოს სარჩელი სტრასბურგში შეიტანეს, თუმცა სახელმწიფოს ბრალეულობა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეში ვერც ევროსასამართლომ დაადგინა. 

დღის ამბები