26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე - ლაშა ფურცხვანიძემ პროკურატურისგან ახალი გარემოებების დაკონკრეტება მოითხოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე - ლაშა ფურცხვანიძემ სიტყვით გამოსვლისას პროკურორებისგან გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი ახალი გარემოებების დაკონკრეტება მოითხოვა. "გრინსერვისის" ყოფილი ხელმძღვანელი დაინტერესდა, თუ რა არის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობა გახანგრძლივების საფუძველი.

დამნაშავე პირთა წრის გაფართოებამდე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, გამოძიებას 9 ბრალდებული ჰყავს. არცერთი მათგანი ბრალს არ ეთანხმება, მათ შორის არც "გრინსერვისის" ყოფილი დირექტორი. ფურცხვანიძეს დღეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება არ მოუთხოვია, მან მოსამართლეს მასთან ერთად დაკავებული 8 პირის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ირაკლი ხუსკივაძემ პროკურატურის მიერ დასახელებული რისკები გაითვალისწინა.

მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო ადვოკატებისთვის. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდება აღკვეთი ღონისძიების ვადას, პატიმრობას, განგებ აჭიანურებს.

პროცესს დღეს ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ "გრინსერვისის" წარმომადგენლებიც. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს. კობა ხარშილაძე გამოძიების შედეგებს ელოდება.

საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა. არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მოწმეების ჩვენებების და დამატებით დანიშნული ექსპერტიზის პასუხების მოპოვების პროცესშია. ახალი მტკიცებულებები გახდა ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რის გამოც პროკურატურა პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა. არ არის გამორიცხული დაკავებულებს ბრალიც დაუმძიმდეთ და საქმეში სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.

ტრაგედია ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მოხდა. მეგობრის საშველად შადრევანში ჩასულ მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. რამდენიმე დღიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პოლიციამ 9 პირი დააკავა, მათ შორის "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება ედება, დაკავებულებს შორისაა მერიის ყოფილი მაღალჩინოსანიც, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. გიორგი ვახტანგაშვილის, წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები