იციკ მოშეს შეკვეთილი მკვლელობის მთავარი ფიგურანტი, პაკისტანელი ამირ ხანი საქართველოში პატიმრობაში რჩება. ირანის ისლამური გვარდიის "ყუდსის" მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე უკვე ირანული მედიაც წერს და რამდენიმე გვარს ასახელებს. ირკვევა, რომ მკვლელობის დამკვეთი 2010 წლამდე საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული.
რაც შეეხება დაქირავებულ მკვლელს, ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, თუმცა არ არის გამორიცხული ამირ ხანმა ჩვენება შეცვალოს. ამის მიუხედავად, დიდი ალბათობით სამივე დაკავებულს ბრალი მაინც დაუმძიმდებათ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე დღეს "კურიერმა" ტელეფონით ჩაწერა. იციკ მოშემ, რომელიც ამჟამად ისრაელშია, დაცვა გააძლიერა.
ბრალდებულებს ამ ეტაპზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციას ედავებიან, რასაც სამივე პირი აღიარებს. იციკ მოშეს მკვლელობის მზადებას კი, ჩვენებაში მხოლოდ ამირ ხანი ადასტურებს, რომელიც დანაშაულებრივი გეგმით, საქართველოში გასული წლის სექტემბერში შემოვიდა.
ამასთან, დაკავებული თარჯიმნის მეუღლე ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მოჰსენ რაფი მეუღლის თანდასწრებით, თბილისში, გორის ქუჩაზე აიყვანეს, მისი სახლიდან კი იარაღი ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, ირანისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, მოჰსენ რაფი და ფარჰად ფაშაი, ქილერს თბილისში იარაღით და საჭირო ინვენტარით ამარაგებდნენ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ირანელი დამკვეთი საქართველოში დაკავებულ სამივე პირთან მუდმივ კავშირზე იყო.
იციკ მოშეს ლიკვიდაციის გეგმის სხვა მონაწილეებს ეძებს გამოძიება. გროვდება მტკიცებულებები დაკავებულებისთვის მკვლელობის მცდელობის ბრალის წარსადგენად.
"კურიერი" დღეს იმ მისამართზე მივიდა, სადაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ქილერი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელომზღვანელი ახლა ისრაელშია. იციკ მოშე გამოძიებამ უკვე გამოკითხა. "კურიერთან" ინტერვიუში ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს მისი მკვლელობის მეორე მცდელობა იყო, რაც ანტისემიტურ კამპანიას უკავშირდება.
უცხოურმა მედიამ შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. "ირან ინთერნეიშენალი" კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, მათ შორის არიან დამკვეთები და საქართველოში დაკავებული სავარაუდო დამნაშავეები - ფარჰად ფაშაი და მოჰსენ რაფი.
სქემის სათავეში მოხსენიებულია ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური ალი ფეიზიპური, რომელზეც შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ყუდსის ძალების ეს ჯგუფი ასევე პასუხისმგებელია ამერიკის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის მომზადებასა და შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ყოფილი ელჩის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში მონაწილეობაზე. სწორედ ამიტომ, შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთში ყუდსის ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
იციკ მოშეს ლიკვიდაციის მზადების საქმეზე დაკავებულების პროცესი 27 თებერვალს ჩაინიშნა. სუს-მა დანაშაული 2 თვის წინ აღკვეთა.