26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ძალოვანი მინისტრების წინააღმდეგ - ვინ გაუვრცელა ფარული აუდიოჩანაწერი და ვინ ცდილობს არაფორმალური გავლენების მოპოვებას

ნიკა მელიას ბრალდებებისგან ვანო მერაბიშვილის დაცვა დღეს კვლავ ლევან ხაბეიშვილს მოუწია. თავად მერაბიშვილი, რომელსაც მელია პროცესების არაფორმალურ მმართველად ასახელებს, მედიასთან ისევ არ ჩნდება. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი კი, მოქმედ თავმჯდომარეს ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილმა, მელიას ბრალდებების საპასუხოდ, ახალაიების გარემოცვის მხარდაჭერა შეახსენა. თქვა, რომ არჩევნებს მოიგებს, რის შემდეგაც მისი ოპონენტი პარტიაში აღარავის ემახსოვრება.

ხაბეიშვილის როლი პარტიულ დაპირისპირებაში ნომინალურად შეაფასა ნიკა მელიამ. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, მან ყოფილი ხელისუფლების დროს ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი, ფარული ჩანაწერების დამზადებასა და ზაზა გოროზიას ხელით გავრცელებაში ღიად დაადანაშაულა. მელიამ თქვა, რომ რამდენიმე წელია მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ერთად მოქმედებენ. პარტიის თავმჯდომარემ ისიც განმარტა, რომ კეზერაშვილს კობა ნაყოფიას გადაყენების მოთხოვნის გამო დაუპირისპირდა, მერაბიშვილის პერსონა კი მისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო.

მელიას ბრალდებას ჩანაწერებთან დაკავშირებით აბსურდულს და გამოგონილს უწოდებს მერაბიშვილის თანამებრძოლი ზაზა გოროზია.

"მარიონეტი და თოჯინა" - ასე დაახასიათა ლევან ხაბეიშვილი დღეს პარტიის ვეტერანი წევრების ნაწილმა. ხაბეიშვილის ფიგურას მეორეხარისხოვანს უწოდებს მელიას მხარდამჭერთა ფლანგიც. პოლიტიკოსების აზრით, ყოფილი ძალოვნების ტანდემი მისი ხელით პარტიის წარსულში დაბრუნებას ცდილობს.

განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" სტაჟიანი წევრების მეორე ნაწილის პოზიცია. ისინი მელიას შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მისმა პოლიტიკამ პარტია სტაგნაციისკენ წაიყვანა.

ბრალდებები, კომპრომატები და არაფორმალური მმართველობის მცდელობა - ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც მმართველი გუნდის აზრით ოპოზიციურ პარტიაში კლანურ დაპირისპირებას ადასტურებს. "ქართულ  ოცნებაში" ოპონენტების ქმედებებს ლუსტრაციად აღიქვამენ. ამბობენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ზუსტად ის ხდება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ეს ეს პროცესები ნაცმოძრაობას კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო კამპანია მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. პარტია ახალ თავმჯდომარეს 28 იანვარს აირჩევს.

 

 

დღის ამბები