26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
დავოსში ხვალ ტრანსკავკასიურ დერეფანზე იმსჯელებენ - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს და ილჰამ ალიევს ელოდებიან

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაცია, უკვე მესამე დღეა დავოსში შეხვედრებს მართავს. პრემიერ-მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები, ევროპული ინტეგრაციის საკითხები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, სწორედ ამ თემებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრისას. ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

ოფიციალური პოლიტიკური და ეკონომიკური თემატიკის შეხვედრების გარდა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი არაფორმალურ ღონისძიებებშიც მონაწილეობს.

"გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი" - ამ სახელწოდებით გაიმართა ლანჩი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების მონაწილეობით. ლანჩის მასპინძელი, ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი, კლაუს შვაბის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებასაც დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეკრებები ფორუმის მონაწილეებთან და პარტნიორებთან საინტერესო დისკუსიებისა და ახალი ინიციატივებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

პრემიერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა მსხვილი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებთან. ფორუმის სივრცეს ქართული დელეგაციის წევრები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად იყენებენ. ამ შეხვედრებს უკვე მოყვა კონკრეტული შედეგებიც. ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანია, "მაჯიდ ალ ფუთაიმი" საქართველოში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებას 2025 წლისთვის გააორმაგებს. გადაწყვეტილების შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. მაჯიდ ალ ფუთაიმი საქართველოში ჰიპერმარკეტ "კარფურის" მფლობელია.

მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართება ხვალ დავოსში, იმ პანელის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი მიიღებენ. შავი ზღვის ელექტროკაბელი და ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურსების მიწოდება - ორი ქვეყნის ლიდერი, ბუქარესტში ხელმოწერილ პროექტის დეტალებს განიხილავენ. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპა ელექტრო ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს და მიწოდების დივერსიფიცირებულ გზებს ეძებს.

პროექტის მიხედვით, საქართველო-რუმინეთს 1195 კილომეტრი სიგრძის კაბელით დაუკავშირდება. იზრდება საქართველოს მონაწილეობით შუა დერეფნის ტრანზიტული მნიშვნელობა, რაც ევროკავშირის რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

შვეიცარიის ალპურ საკურორტო ქალაქში, ფორუმში მონაწილეობას დაახლოებით 130 ქვეყნიდან 2700 მეტი დელეგატი ესწრება. სახელმწიფოების ლიდერები, ბიზნესმენები, წამყვანი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ისეთ თემებზე და პრობლემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: გლობალური ეკონომიკური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და გეოპოლიტიკური ურთიერთობები ახალ რეალობაში. სწორედ ამ გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება დღეს მსოფლიო ლიდერებმა.

დღის ამბები