უკრაინაში, ბროვარიში, დილის 8:20 საათზე, "სუპერ პუმას" ტიპის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობას შეეჯახა და აფეთქდა. ადგილზე დაიღუპა სამაშველო სამსახურის ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი, სამინისტროს მდივანი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი და ეკიპაჟის წევრები.
ამ დროს კი, საბავშვო ბაღში მშობლებს შვილები მიჰყავდათ. წინასწარი ინფორმაციით, 1 დაღუპული მცირეწლოვანი სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი იყო. შემთხვევას ემსხვერპლა კიდევ 5 ადამიანი, რომელიც ტრაგედიის მომენტში ეზოში იმყოფებოდა. მძიმედ დაშავდა 25, მათ შორის 11 ბავშვი.
მომხდარს რამდენიმე წუთში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს ფაქტის დროული გამოძიება დაავალა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს დავოსიდან უკრაინის პირველმა ლედიმაც მიუსამძიმრა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა თუ წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად. ტრაგედიის გამოძიებაზე იმუშავებს სპეციალური სამთავრობო კომისიაც.
"სუპერ პუმა" - მოდელი "ეიჩ -225" უკრაინამ საფრანგეთისგან 2018 წელს შეიძინა. დასავლური მედიის ცნობით, კონკრეტულად ამ მოდელის გაუმართაობასთან დაკავშირებით, კომპანია "ეაბას ჰელიკოპტერს" სასამართლოში რამდენიმე ქვეყანა უჩიოდა. საქმე გადაცემათა სისტემაში ე.წ. თანდაყოლილ ტექნიკურ წუნს ეხებოდა, რაც მოგვიანებით თავად კომპანიამაც აღიარა. აქვს თუ არა აღნიშნულ პრობლემას კავშირი ბროვარის ტრაგედიასთან, ორ კვირაში, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე, უკრაინელ ხალხს დღეს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.