26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
კახა კალაძე: თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, გვერდით დავუდგები, მაგრამ კორუფციას არ დავუშვებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უწყებაში შესაძლო კორუფციული ფაქტები დასაწყისშივე აღმოიფხვრას.

"ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული," - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ყოველთვის მზადაა, გვერდით დაუდგეს თითოეულ თანამშრომელს, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ კორუფციული ფაქტის მიმართ მკაცრი რეაქცია ექნება.

"ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. არავის არაფერს გავუტარებთ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია და ყველამ კარგად გაითავისოს აღნიშნული საკითხი," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები