26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
პირველად ისტორიაში, ბაკურიანი თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად ისტორიაში საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქვეყანამ ღონისძიებისთვის მზადება 5 წლის წინ დაიწყო, საგანგებოდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი.

ამ ეტაპზე ყველა სამუშაო დასრულებულია და ბაკურიანი აბსოლუტურად მზად არის ელიტურ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.

სახელმწიფო დიდ რესურსს დებს ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი სამთო კურორტებში. საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ბაკურიანის ცენტრალური ქუჩების იერსახე მთლიანად შეიცვალა, მოეწყო და გაკეთდა ერთნაირი ღობეები და ჯიხურები, მოხდა შენობების და დიდველის მიმართულებით 2 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია.

მსოფლიო პირველობაზე 700-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ტურნირს პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 42 ქვეყნის ტელეკომპანია გადასცემს.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი სტარტს 16 თებერვალს აიღებს, 18 დღის მანძილზე ბაკურიანი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში იქნება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები