26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
მოძალადე მამინაცვალი - კაცი არასრულწლოვან გერზე შანტაჟით და მუქარით ხუთი წლის განმავლობაში ძალადობდა

მამინაცვალი არასრულწლოვან გერზე შანტაჟით და მუქარით ხუთი წლის განმავლობაში ძალადობდა. გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და ფიზიკური ანგარიშსწორება - ამ დანაშაულებებში ბრალდებული 45 წლამდე მამაკაცი თელავის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოზარდის დედა კურიერს უყვება, რომ მამინაცვალმა ბავშვზე ძალადობა 2017 წლიდან დაიწყო. მაშინ გოგონა მხოლოდ 9 წლის იყო. მომხდარის შესახებ ძალადობის მსხვერპლმა დედას რამდენიმე თვის წინ უამბო. ქალმა ფაქტი პოლიციას აცნობა. უმძიმეს დანაშაულში მხილებული მამინაცვალი იმავე დღეს დააკავეს.

მრავალტომიანი საქმე დანაშაულის არაერთ ეპიზოდს მოიცავს. მტკიცებულებებს შორის არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეო-თვალის ჩანაწერები. ბავშვის დედა ყვება, რომ დაპატიმრების შემდეგ მეუღლემ მას ციხიდან დაურეკა, დანაშაული აღიარა და პატიება ითხოვა, თუმცა ბრალდებულმა სასამართლოში ყველაფერი უარყო.  

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი ახლა ყველა ბრალდებას უარყოფს. ადვოკატი პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების გარდა, მამაკაცი ფიზიკურად უსწორდებოდა მეუღლესაც, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდში. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ მას ბრალი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზეც წარუდგინა.

გოგონა, რომელიც 5 წლის განმავლობაში მამინაცვალის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ახლაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის სასამართლოში ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხეს.

 

 

 

 

დღის ამბები