26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
ჩვენ უკრაინისთვის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერის ორგანიზებას ვცდილობთ, იმედს ვიტოვებთ, რომ ტანკების მწარმოებელი გერმანია ამაში მონაწილეობას მიიღებს - ანჯეი დუდა

ამ წუთებში, შვეიცარიის ალპებში პოლიტიკური ლიდერები და გავლენიანი ანალიტიკოსები არიან შეკრებილნი. ფორუმის წლევანდელი დევიზი მეტყველებს სირთულეზე - "თანამშრომლობა დანაწევრებულ მსფლიოში", თუმცა დანაწევრებულია არა მხოლოდ მთელი მსოფლიო, არამედ ევროპის კონტინენტიც, სადაც მთავარ გამოწვევაზე - უკრაინის ომსა და ამ ქვეყნის შეაირაღებაზე განსხვავებული პოზიციებია.

დავოსში გამართულ შეხვედრაზე, პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიცემის საკითხი წამოწია. საუბარია პოლონეთის მიერ უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემაზე, თუმცა ამ დონაციას გერმანიის ფაქტორი აფერხებს. უფრო კონკრეტულად, ტანკები პოლონეთს გერმანიისგან აქვს შეძენილი და მას ამ შეიარაღების რეექსპორტი ნატოს არაწევრ ქვეყანაში, გერმანიის თანხმობის გარეშე არ შეუძლია.

ის, რომ დავოსში ტანკების თემა წამოიჭრებოდა, უკვე წინასწარ იყო ცნობილი, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარჩინ ფშიდაჩმა თქვა, რომ ამ საკითხს დუდა შვეიცარიაში როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ შეხვედრებზე წამოწევდა. პოლონეთმა ამით გარკვეულწილად შეამზადა ევროპელი კოლეგები, რომ გერმანელებზე ზეწოლისთვის დავოსის შეხვედრაც იქნებოდა გამოყენებული.

თავის მხრივ, ლონდონი უკრაინას ჩელენჯერის ტიპის 14 ტანკს მისცემს. გადაწყვეტილება მიღებული აქვს საფრანგეთსაც. ვარშავის ინიციატივას მხარს უჭერს პენტაგონიც, თუმცა იყო თუ არა დიპლომატიური არხებით ამ თემაზე ვაშინგტონს და ბერლინს შორის საუბარი, ცნობილი არ არის.

"ჩვენ უკრაინისთვის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერის ორგანიზებას ვცდილობთ. არის ზოგიერთი მოკავშირე, რომელიც უკრაინას ლეოპარდის და ბრიტანული ჩელენჯერის ტანკებს მისცემს. იმედს ვიტოვებთ, რომ ტანკების მწარმოებელი გერმანია ამაში მონაწილეობას მიიღებს," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ. 

უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე საუბრობს ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. 

"ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც კიდევ მტკიცე ვალდებულებებია საჭირო, უკრაინისთვის ჯავშანმანქანების, ტანკების მიწოდების შესახებ. იმედი გვაქვს, ჩვენი ძლიერი მოკავშირე ამას გააკეთებს," - ამბობს გიტანას ნაუსედა.

დღის ამბები