სკანდალური განცხადებიდან 2 დღეში, ალექსი არესტოვიჩი გადადგა. განცხადების ფოტო პრეზიდენტის აპარატის უკვე ყოფილმა მრჩეველმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. არესტოვიჩის მოთხოვნა რამდენიმე საათში დაკმაყოფილდა.
არესტოვიჩის გადაწყვეტილებამდე მის გადადგომას ითხოვდა რადას ფრაქცია ევროპული სოლიდარობის წევრი. ალექსი გონჩარენკო ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდა.პარლამენტარის თქმით არესტოვიჩის განცხადებაში სახელმწიფო ღალატის ნიშნები იკვეთება და ის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაკითხოს.
არესტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რის გამოც არაერთი ოფიციალური პირის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის უწყებამ დღეს ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაკეტა ჰაერში არ აფეთქებულა.
ტრაგედიის ადგილზე კი სამძებრო ოპერაცია ისევ მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევების 90% - მდე გაასუფთავეს. გადარჩენილია 39 ადამიანი. მაგრამ დაღუპულთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა. მათგან 5 მცირეწლოვანია. 25 - ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამშვიდობო ინფრასტრუქტურას რუსული არმია ღამის განმავლობაში ინტენსიურად უტევდა. 64 განადგურებული სამოქალაქო ობიექტი 24 საათში. აგრესორმა ზაპოროჟიეს მისამართით საარტილერიო ცეცხლი 130-ჯერ გახსნა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, კრიტიკული დაზიანება მიადგა საცხოვრებელ სახლებს, სკოლის, საბავშვო ბაღის და ამბულატორიის შენობებს.
სამოქალაქო ობიექტებისგან განსხვავებით, წარუმატებელი აღმოჩნდა რუსული არმიის შეტევა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალის 20 მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. მძიმე ბრძოლები იყო ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. მათ შორის სოლედარსა და ბახმუტში. საპასუხო საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია რუსული არმიის კონცენტრაციის 11 ზონა. საბრძოლო და საწვავი მასალის საწყობი. ლიკვიდირებულია 800-ზე მეტი ოკუპანტი.