26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა შვეიცარიის კურორტზე - პირველი საქმიანი დღე და საქართველოს დელეგაციის პირველი შეხვედრები დავოსში

პანდემიის შემდეგ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სრულფასოვნად, წელს პირველად იმართება. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ფორუმის დელეგატები, მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს განიხილავენ. ფორუმის 2700-ზე მეტი მონაწილე, სახელმწიფოების პირველი პირები, ბიზნესმენები, წამყვანი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობენ. დავოსში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე იმყოფებიან ქართული დელეგაციის წევრები. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ქვეყნებში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად, მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და სასტუმროებისა და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ესაუბრა. კატარის საინვესტიციო საზოგადოება სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელსაც 2021 წლისთვის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოშიც იმყოფებოდნენ. პრემიერის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის სტაბილური საბაზრო ეკონომიკა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობებისთვის ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე,  ქართული დელეგაციის წევრებმა ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელ კომპანია მაჯიდ ალ ფუთაიმის დირექტორთან შეხვედრისას იმსჯელეს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია საქართველოში უკვე არსებულ პორტფელს გაზრდის, პრემიერის თქმით, მას მთავრობის მხარდაჭერა ექნება. Majid Al Futtaim არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. საქართველოში Majid Al Futtaim ჰიპერმარკეტ “კარფურის” მფლობელია. შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე" შეაჯამა და დაწერა, რომ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი კაპიტალდაბანდებები და საქართველოში ასათვისებელი პოტენციალი ჰოლდინგის ხელმძღვანელობას გააცნეს.

საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრისას. ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გარდაქმნისთვის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში გლობალური ბიზნეს სერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა. საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვისთვის მსგავსი შეხვედრები, როგორც პრემიერი აღნიშნავს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყნის ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის. საქართველოში რომ ხელსაყრელი ბიზნესგარემოა  - ეს პრემიერის კიდევ ერთი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო. შვედური გადამზიდავი კომპანიის, აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს. მთავრობის მეთაურმა Stena Line-ს აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს გავლით აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის.

შავი ზღვის კაბელი და საქართველოს საშუალებით ევროპისთვის დამატებითი ენერგო რესურსების მიწოდების თემას განიხილავენ 19 იანვარს იმ პანელზე, რომელშიც მონაწილეობასი რაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი მიიღებენ.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპა ელექტრო ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს და მიწოდების დივერსიფიცირებულ გზებს ეძებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ელოდებიან იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც ხელი 17 დეკემბერს, ბუქარესტში მოეწერა. საქართველო - რუმინეთის 1195 კილომეტრი სიგრძის კაბელით დაკავშირება, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება ევროკომისიის პრეზიდენტმაც, როდესაც ფორუმზე შეკრებილებს მიმართა.

შვეიცარიის ალპურ სოფელ დავოსში, ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები