26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
16-20 იანვარს დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება - ფორუმზე უკვე ჩავიდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ - მინისტრი ხელმძღვანელობს

16-20 იანვარი შვეიცარიის სათხილამურო კურორტი ისევ მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ცენტრი ხდება.

დავოსში იწყება 53-ე ეკონომიკური ფორუმი, სადაც უკვე ჩავიდა საქართველოს დელეგაცია. ყველა მინუს ერთი.

ფორუმი პირველად რუსი პოლიტიკოსების და რუსი მილიარდერების გარეშე ჩაივლის, ისინი არასასურველი სტუმრები არიან. ფორუმზე მრავლად იქნებიან სპარსეთის ყურის მილიარდერები, რომელთა შემოსავლები რუსეთის სანქცირების ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა. მათ გარდა დავოსში ელოდებიან მსხვილი ბიზნესის 13 წარმომადგენელს ინდოეთიდან და 33 ამერიკელ მილიარდერს გიგანტი კორპორაციებიდან.

თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 წელი გადის და წლევანდელ დავოსზე ამ ომის თემა ცენტრალურად რჩება. ასევე, 52 ქვეყნის ლიდერი 1 კვირის განმავლობაში იმსჯელებს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას რომ მთელი დემოკრატიული სამყარო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ქვეყანას უფრო მეტ სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის, რათა გამარჯვება იქნას მოპოვებული. თუმცა, პარალელურად ლიდერები იმსჯელებენ იმაზეც თუ როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო ამ ომის შემდეგ. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა და ასევე ის ფაქტი, რომ ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებს რუსეთის ენერგომატარებლების დივერსიფიცირებას - უფრო აქტუალურს ხდის ახალ, სხვადასხვა პროექტებს. ამ პროექტებში უფრო მეტად ჩანან რეგიონული, ახალი მოთამაშეები, რომელთა მნიშვნელობაც დღეს მსოფლიოში იზრდება, მათ შორის არის საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი.

ტრადიციულად, ქართული დელეგაცია დავოსის ფორუმზე წელსაც იღებს მონაწილეობას. დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც 1 კვირის განმავლობაში ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

ოფიციალურ პროგრამაში აღნიშნულია, რომ ასევე გაიმართება დისკუსია სამხრეთის კორიდორთან დაკავშირებით და სწორედ ამ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა ირაკლი ღარიბაშვილი.

ომის გამო გაჩენილი გამოწვევების პარალელურად კიდევ არაერთი საკითხია რასაც განიხილავენ დავოსში. მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ პასუხის გაცემა არიან თუ არა ისინი მზად იბრძოლონ გლობალიზაციისთვის და ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი კლიმატის ცვლილება იქნება.

დავოსის კონფერენციის პლენარული სხდომა ხვალ დილიდან იწყება. დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, უკვე მეორე წელია რუსეთი აქ არავის მოუწვევია.

დღის ამბები