26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
შიდაპარტიული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების საბაბი ხდება

ამომრჩეველთა რეგისტრაცია "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების საბაბი ხდება. პარტიაში თავმჯდომარის არჩევნებამდე 12 დღე რჩება, თუმცა უკვე ჩანს, რომ შიდა დაპირისპირება არც 30 იანვარს შედეგების გამოცხადებით დასრულდება, პირიქით, პროცესები შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს პარტიის მენეჯმენტთან ,ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რაც მისივე თქმით უნდობლობას იწვევს და არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. მუმლაძე პროგრამის გაუმართაობაში ნიკა მელიას ადანაშაულებს.

ნიკა მელიას მომხრეები საარჩევნო პროცესის ხარვეზებზე საუბარს კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიას უკავშირებენ. განმარტავენ, რომ ის, რაც მუმლაძისთვის არჩევნებისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია, რეალურად არა პრობლემა, არამედ პარტიის საარჩევნო კომისიაში შეთანხმებული პროცედურაა.

საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ლევან ხაბეიშვილსაც, თუმცა ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთან მისი ელექტორალური უპირატესობა არჩევნების გარეშე, უკვე დასტურდება. ამის საზომი ხაბეიშვილის მტკიცებით, რეგიონებში მასთან შეხვედრებზე მისული ხალხის რაოდენობაა. ის აქცენტს აჭარაზე აკეთებს, სადაც ორი დღის წინ პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა ღია მხარდაჭერა გამოხატეს მელიას მიმართ და ასევე ღიად თქვეს, რომ ხაბეიშვილის უკან დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილთან ერთად უკვე ლევან ვარშალომიძეც დგას.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის ურთიერთბრალდებები საპარლამენტო უმრავლესობისთვის დამატებითი საფუძველია, დარწმუნებით ისაუბრონ იმაზე, რომ პარტია იშლება და რომ პროცესს ხელს თავად დაპირისპირებული მხარეები უწყობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებამდე დრო ორ კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა უფრო მეტია შიდადაპირისპირების საკითხი. ერთ-ერთია სწორედ საარჩევნო პროცედურები, რაზეც პარტიის ცენტრალურ ოფისში დღესაც მსჯელობდნენ.

 

 

დღის ამბები