26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად კონკრეტული წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად კონკრეტული წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სექტორს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ფასები შეამციროს და ახალ სისტემაზე გადაეწყოს. პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების პრეპარატები. მთავრობის ინიციატივა უკვე ძალაშია

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმაც გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წამლებზე წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. პრემიერის საუბრობს ახალ რეფორმაზეც და ამბობს რომ მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი კი ეტაპობრივად სხვა პრეპარატებზეც განისაზღვრება.

პრემიერის ამ განცხადებისა და მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფასის ზედა ზღვარი 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატზე დადგინდა.

ცვლილება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ელექტრონული ბაზა უკვე შეიმუშავა. წამლის რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინ რეჟიმში დააკვირდება. რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან დაეკისრებათ.

ახალ რეფორმას მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ ინიციატივად აფასებენ სპეციალისტებიც. რეფერენტული ფასების დადგენის საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითია გათვალისწინებული.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

დღის ამბები