26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
სათხილამურო კურორტი, რომელიც წელიწადში ერთხელ მილიარდერთა და მსოფლიოს ნომერ პირველ პოლიტიკოსთა შეკრების ადგილია - დავოსის ეკონომიკური ფორუმი უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის

რატომ არის დავოსის ფორუმი მნიშვნელოვანი - წინასწარ უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამ ფორუმზე,  კულუარებში და არა მარტო, ბევრი რამ გადაწყდება რუსეთის წინააღმდეგ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი და უმაღლესი დონის ტრიბუნაა, უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. თავიდან ხედვა ოდნავ სხვანაირი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დავოსი გახდა საუკეთესო საშუალება, ერთად შეკრებილიყვნენ მთავრობის პირები, ეკონომისტები, ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოება და მსოფლიოს გამოწვევებზე ესაუბრათ. პოლიტიკოსების მიწვევა ფორუმზე 1974 წლიდან დაიწყეს და მას შემდეგ, ეკონომიკურის გარდა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური საკითხებიც. ყოველი წლის იანვარში, სწორედ ამ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე - პრომენადეზე განიხილება. დავოსში იკრიბებიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანები და უამრავი გადაწყვეტილებების მიღება პირად შეხვედრებზე ხდება. დავოსი თავის დროზე იქცა დიალოგის პლატფორმად თურქეთს და საბერძნეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. დავოსში განიხილებოდა გერმანიის გაერთიანების თემა და სხვა გლობალური საკითხები.

პანდემიამ ფორუმის სრულფასოვანი მუშაობა გასულ წლებში შეაფერხა, თუმცა 1 წლიანი ომი პირიქით, ლიდერების და მილიარდერების მობილიზაციის მიზეზი ხდება.

წელს, დავოსში ელოდებიან 2700 მაღალჩინოსანს 130 ქვეყნიდან და 400-მდე ცნობილ საზოგადო მოღვაწეს. ბუნებრივია, ფორუმს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ის ფაქტი, რომ უკრაინაში ომია და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი არეული. ამის მიუხედავად, წელს დავოსში ვერ ვნახავთ ზოგიერთ იმ ლიდერს, რომელიც მსოფლიოს წესრიგზეა პასუხისმგებელი. განსახილველ თემებს შორის იქნება წყვეტები ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვში, კლიმატის ცვლილება, ცხოვრების გაძვირება და გლობალური ინფლაცია. ხუთდღიან განხილვებზე ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება რუსული ომის გლობალური ენერგეტიკული და ეკონომიკური ეფექტი. უკრაინის დელეგაცია სავარაუდოდ შეეცდება მიაღწიოს შეთანხმებებს კიდევ უფრო მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების წამოღებაზე. აქ ალბათ არ უნდა ველოდოთ საჯარო განცხადებებს. ბევრი გადაწყვეტილება დავოსის ცნობილ სასტუმროებში, დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებზე იქნება მიღებული.

დავოსში იქნება ამერიკის ადმინისტრაციის და კონგრესის დელეგაცია, თუმცა არა ჯო ბაიდენი. წელს, შვეიცარიაში შეხვედრებს ჯონ კერი დაესწრება. ჩინეთის მთავრობიდან ალპურ კურორტზე ვნახავთ მხოლოდ ვიცე-პრემიერს. არ ჩავა დავოსის 53-ე შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერი. თუმცა დავოსში მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირის ხელმძღვანელობა, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის ყველაზე მძიმეწონიანი ქვეყნის, გერმანიის კანცლერი. ლაფ შოლცი ერთადერთია დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან, რომელიც შეხვედრებში მონაწილეობს. ასევე ჩადიან გრაუბუნდენში უოლ სთრითის ლიდერები, უმსხვილესი კომპანიები, ისეთები როგორებიცაა ჯეი ფი მორგანი, სითიგრუპი, ამაზონი, შელი და მოდერნა. რაც შეეხება დავოსის ტრადიციულ სტუმრებს, რუს ოლიგარქებს, არც ისინი იქნებიან, ამერიკის, ევროკავშირის და შვეიცარიის სანქციების გამო. ყველაზე დიდი დელეგაციები წელს დავოსში ამერიკას და შვეიცარიას ჰყავთ.

დღის ამბები