26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"ხალხის ძალის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოკავშირეების მიმართ შანტაჟზე საუბრობს - გურამ მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილმა პარტნიორებზე მუქარა გააძლიერა

"ხალხის ძალის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოკავშირეების მიმართ შანტაჟზე საუბრობს. საზოგადოებრივი მოძრაობის ინფორმაციით, ზეწოლის მიზანი, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სასჯელისგან დახსნაა. გურამ მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილმა პარტნიორებზე მუქარა გააძლიერა და დაჰპირდა, რომ თუ მის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, ალაპარაკდება. ”ხალხის ძალაში” ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი - 2008 წლის ომისა და საქართველოში მისი დაბრუნების შესახებ დეტალების გასაჯაროებას გეგმავს.

დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მუქარამ სააკაშვილის მოკავშირეები მისი მოშორების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თუ გეგმა B ამუშავდება სააკაშვილის სიკვდილი ხელისუფლებას დაბრალდება, ეს კი საბაბი გახდება ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გამოიყენონ და არეულობა დაიწყოს.

"ხალხის ძალის” ლიდერების განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაბრალების მცდელობაა. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში პატიმარი ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელიუსფლებას ეკისრება.

დასავლეთის მიმართ ზეწოლის მცდელობას უწოდებენ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ”ხალხის ძალის” განცხადებას. ამბობენ, რომ მსაჯვრდებული ექსპრეზიდენტის ჩამოშორება შესაძლოა ყველას უნდოდეს მისი მჭიდრო პარტნიორების და მოკავშირეების გარდა.

"ხალხის ძალის” განცხადების კონტექსტში დასმულ კითხვაზე პასუხს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა თავი აარიდა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან და ყველა პატიმრის, მათ შორის ექსპრეზიდენტის როგორც ჯანმრთელობის ასევე უსაფრთხოების ზომები დაცულია. ”ქართული ოცნება” მათივე ყოფილი წევრების მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდნენ ძალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თემით სპეკულირებენ და სულ სხვა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ოჯახისა და ”ნაციონალური მოძრაობის” მთავარ მოთხოვნად რჩება. მმართველი პარტია პოზიციას არ იცვლის. სახელისუფლებო გუნდი მსჯავრდებულსაც და მის მხარდამჭერებსაც მოუწოდებს კანონს დაემორჩილონ და სასჯელის მოხდას ხელი არ შეუშალონ.

დღის ამბები