26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
მედიაზე ძალადობისთვის სააპელაციო სასამართლომ 6 პირი პატიმრობაში დატოვა, თუმცა სასჯელი შეუმცირა - 5 ივლისის საქმეზე დაკავებულები სრულად გამართლებას ითხოვდნენ

მედიაზე ძალადობისთვის სააპელაციო სასამართლომ 6 პირი პატიმრობაში დატოვა, თუმცა სასჯელი შეუმცირა. 5 ივლისის საქმეზე დაკავებულები სააპელაციო საჩივრით სრულად გამართლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ისინი უდანაშაულოდ ცნო ერთი მუხლით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების ბრალდებაში. ჟურნალისტებზე ძალადობის ეპიზოდზე კი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა. დაკავებულებს საბოლოოდ 5- წლიანი სასჯელი ერთი წლით შეუმცირდათ. მიუღებელი გადაწყვეტილება მსჯავრდებულებმა უცენზურო შეძახილებით გააპროტესტეს.

ჩხუბი სასამართლოს დერეფანშიც გაგრძელდა. დაკავებულების განაჩენით უკმაყოფილო თანამოაზრეებმა მოსამართლის შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილზე მომუშავე მედიას და საქმის პროკურორს. სასამართლოს მანდატურმა დაძაბული ვითარება რამდენჯერმე განმუხტა.

5 ივლისის საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლომ დღეს 6 მსჯავრდებულის განაჩენი გამოაცხადა. სწორედ ეს პირები ფიგურირებენ ლექსო ლაშქარავაზე, მირანდა ბაღათურიაზე და ილია თვალიაშვილზე ძალადობრივ თავდასხმაში. პირველი არხის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს დაშავდა, მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. დაკავებულებისთვის სასჯელის შემსუბუქების გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.

გაასაჩივრებენ თუ არა ძალადობაში ბრალდებულები დღევანდელ განაჩენს, უცნობია. დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს. პროკურატურა კი, უზენაესი სასამართლოსთვის ემზადება.

5 ივლისის აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 47 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფები. მედიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული 27 პირის მიმართ კი, გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია.

 

დღის ამბები