საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის შედეგების გასაცნობად იმერეთში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დასახეს პრობლემის მოგვარების ღონისძიებები და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იმერეთისთვის გამოსაყოფი თანხის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მერებთან შეხვედრა გამართეს, სადაც იმსჯელეს 12-ვე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და აღმოფხვრაზე.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისა და დროულად დასრულების ვადები.
იმერეთში ძლიერმა ქარმა 4 დღის განმავლობაში რიგი პრობლემები შექმნა, მათ შორის ამ დრომდე 1145 შენობას აქვს სახურავი დაზიანებული.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი სახის შეხვედრებს ხვალ სამეგრელოსა და გურიაშიც გამართავენ.