14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. გიორგი ერისთავის "გაყრა" - ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელიც თბილისში 173 წლის წინ - 14 იანვარს დაიდგა. ეს იმ დროს იყო ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. დღეს კი ჩვენ ქვეყანაში დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული არაერთი თეატრი ფუნქციონირებს.
საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ისტორიული თეატრი არსებობს. შენობები, რომლებიც უნიკალურია. მათ შორის არის - ჭიათურის თეატრი.
შუა ჭიათურაში, ბეტონის კორპუსებს და აგურის სახლებს შორის შემორჩენილი პატარა იმერული ოდა ქართული, კერძოდ კი ჭიათურის თეატრის ისტორიას ინახავს. სწორედ აქ, გიორგი ნუცუბიძის სახლში იკრიბებოდნენ მსახიობები, მწერლები, მხატვრები და საუბრობდნენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
აქ შენახულ ყველა ნივთს, ყველა აფიშას, ხელნაწერს დიდი ისტორია აქვს. თეატრს, რომელიც იმდენივე წლისაა რამდენისაც ქალაქი ჭიათურა, თავდაპირველად საკუთარი შენობაც არ ჰქონდა.
1910 წლიდან ჭიათურის თეატრს ჰყავს უკვე მუდმივი დასი. 1949 წლიდან კი მათ ახალ შენობაში დაიდეს ბინა.
თეატრის მოხატვა რობერტ სტურუა უფროსს დაევალა. მხატვარმა თავდაპირველად ჭერი მოხატა და ნამუშევარს გამარჯვების სცენა ეწოდა. ამ ნახატით მიღებული პირველი შთაბეჭდილება რობერტ სტურუა უმცროსს დღემდე ახსოვს.
რობერტ სტურუას ასევე კარგად ახსოვს ისიც, თუ როგორ და რით მუშაობდა მამა ამ გრანდიოზულ ნახატზე. მასალის ყიდვა რობერტ სტურუა უფროსს ხშირად საკუთარი თანხითაც უწევდა.
თეატრის დარბაზის კედლებზე დიდი ქართველი მსახიობების: აკაკი ვასაძის, აკაკი ხორავას, ნატო ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, მედეა ჯაფარიძის და უშანგი ჩხეიძის პორტრეტებია დახატული. გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო საშიშროება, რომ ეს ულამაზესი დარბაზი და თეატრიც საერთოდ განადგურებულიყო.
აღსანიშნავია რომ არც მეორე მსოფლიო ომის დროს, არც 90-ან წლებში თეატრის ფარდა არ დაშვებულა.
მალე თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რა თქმა უნდა რესტავრაცია გაუკეთდება უნიკალურ ნახატებსაც და დარბაზის სცენაზეც არა ერთი პრემიერა გაიმართება.