26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
გაკაჟება, მკურნალობა თუ ძალადობა ბავშვზე - რას ნიშნავს აღზრდა მაუგლის მეთოდით

გაკაჟება, მკურნალობა თუ ძალადობა ბავშვზე - რას ნიშნავს მოზარდის აღზრდა მაუგლის მეთოდით, თემა ისევ აქტუალურია. თერაპიას, რომელიც საკმაოდ რთული და ბავშვის ასაკისთვის შეუსაბამო ვარჯიშებისგან შედგება, ტრადიციული მედიცინა ეწინააღმდეგება, თუმცა არიან წყვილები, რომლებიც არატრადიციული მეთოდით მათი მცირეწლოვანი შვილების ვარჯიშს მიესალმებიან.

ჰაერში ტრიალი, ფეხებით დაკიდება, ნჯღრევა, უარი მედიკამენტებს და ვაქცინებს - შესწავლის შედეგად, რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ ასეთი მეთოდი ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას წარმოადგენს, რასაც მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

ქალს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებზე ე.წ. მაუგლის მეთოდს იყენებს, რამდენიმე წლის წინ უკანონო საექიმო საქმიანობა დაუდგინეს. რეგულირების სააგენტოს მაშინ სახალხო დამცველმა მიმართა და საბოლოოდ ქეთევან მერებაშვილს ამ მეთოდით მკურნალობა აეკრძალა.

ექიმებს განსაკუთრებით ეშინიათ იმის, რომ ამ პრაქტიკისას ადვილია ბავშვის თავის ტვინის მძიმე ტრავმირება, რასაც პედიატრიასა და ნევროლოგიაში "შენჯღრევის სინდრომს" უწოდებენ. მათთვის ვიდეოებზე დაკვირვებითაც კი ადვილია იმის თქმა, რომ გაკაჟებისას გამოყენებული მოძრაობები სარისკო და საზიანოა.

იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა, "მაუგლის მეთოდის" სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, ფრთხილად და სკეპტიკურად შეხედონ ამ ფაქტს.

 

დღის ამბები