შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში აღმოჩენილი დოკუმენტები გამოძების საგანი გახდა. იუსტიციის სამინისტრო, გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესის წარმომადგენლთა პალატის კომიტეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სწავლობენ, თუ როგორ აღმოჩნდა გრიფით საიდუმლო დოკუმენტები ბაიდენის ავტოფარეხსა და „პენ ბაიდენის ცენტრში". მომხდარით გაკვირვებულია თავად შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტიც.
"ხალხმა იცის, რომ მე საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ვუდგები. როდესაც ჩემი ადვოკატები ალაგებდნენ ჩემს ოფისს პენსილვანიის უნივერსიტეტში, სწორედ ამ ოფისში ყუთში მათ ზოგიერთი დოკუმენტი იპოვეს, რომელიც კაბინეტში იყო ჩაკეტილი. მათ გააცნობიერეს, რომ მათი ნაწილი იყო საიდუმლო დოკუმენტები. მათ მაშინვე მიმართეს ეროვნულ არქივს, გადასცეს დოკუმენტები და მე ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს. გაკვირვებული ვიყავი, რომ მთავრობის დოკუმენტები ამ ოფისში მოხვდა. მე არ ვიცი, რა არის ამ დოკუმენტებში. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან რომელიც იმედი მაქვს რომ მალე დასრულდება და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი," - ამბობს ბაიდენი.
გამოძიების ინტერესს იმ პირთა ვინაობაც წარმოადგენს, რომლებსაც, შესაძლოა, აღმოჩენილ 20 დოკუმენტთან წვდომა ქონოდათ. ფაილები შეერთებული შტატების სადაზვერვო ჩანაწერებს, უკრაინას, ირანსა და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხება, რომელთა შინაარსიც უცნობია. ინცინდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს, რადგან, როგორც ცნობილია, დოკუმენტები ნოემბრის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე აღმოაჩინეს, თუმცა ის საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკური პარტია ფაქტს ბაიდენის წინააღმდეგ განწყობის შესაქმნელად გამოიყენებს.
აღმოჩენილი დოკუმენტები საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს და დონალდ ტრამპის საქმის ირგვლის პარალელს ავლებს.
თუმცა იურისტები აღნიშნავენ, რომ ბაიდენისა და ტრამპის საქმეები მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღმოჩენილი დოკუმენტების შესახებ ბაიდენის იურისტებმა თავად განაცხადეს მარალაგოდან კი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე, ბაიდენი დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებასთან თანამშრომლობს. მნიშვნელოვანია აღმოჩენილი დოკუმენტების მოცულობაც.