26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავდება - ამჯერად, საარჩევნო მარათონში აჭარის რეგიონული ორგანიზაცია გააქტიურდა

არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავდება. ამჯერად, საარჩევნო მარათონში აჭარის რეგიონული ორგანიზაცია გააქტიურდა. "ნაცმოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის ლიდერებმა, დღეს, პროცესში არაფორმალური მმართველობის ნიშნებზე ისაუბრეს. თქვეს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან აჭარაში ლევან ვარშალომიძე დგას, რომლის მოქმედების სტილიც ცალსახად ავტოკრატიულია. პოლიტიკოსები მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებენ.

მიუხედავად პარტიული ორგანიზაციის დიდი ნაწილის კრიტიკული დამოკიდებულებისა, აჭარაში მხარდამჭერები ლევან ხაბეიშვილსაც ჰყავს. ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილი, ვარშალომიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ იზიარებს. მათი აზრით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში სტაგნაცია, სწორედ, მოქმედ თავმჯდომარეს უკავშირდება.

კრიტიკის, ნომინალურ ფიგურად მოხსენიებისა და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლის შესახებ ბრალდებებს დღეს ლევან ხაბეიშვილმა არ უპასუხა. სიდიდით მეორე პარტიის თავმჯდომარეობის პრეტენდენტმა აჭარელ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია, მხოლოდ სოციალური ქსელით ისურვა.

უსამართლო მეთოდით ბრძოლა რომ ხაბეიშვილის მხარდამჭერების სტილია, ამას ბაჩო დოლიძეც ადასტურებს. ე.წ. მელიას ფლანგის წარმომადგენლები მერაბიშვილს, კეზერაშვილსა და უკვე ვარშალომიძეს წარსულის მანკიერი მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. ამის დასტურად კი მელიას წინააღმდეგ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, კიდევ ერთხელ, მოჰყავთ.

კლანური დაპირისპირება და კომპრომატების ომი - ასე ფასებს მმართველი გუნდი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. "ქართულ ოცნებაში" აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიის თვითლუსტრაციას უწოდებენ. უმრავლესობის წევრები, დღეს, "ნაცმოძრაობაში" დაწყებულმა შიდადაპირისპირებამ ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" აქტიურ ფაზაში შევიდა. შიდაპარტიული არჩევნების გამოცხადების დღიდან პარტია ორ ბანაკად არის გაყოფილი. ოპოზიციური პარტია ახალ თავმჯდომარეს 28 იანვარს აირჩევს.

დღის ამბები