26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ მიმართა.

"მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი იყოს, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ეროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ ამ ღონისძებაში მონაწილეობთ, რადგან ეს თქვენი დროშაა. ეს სასახლეც, ასევე, სახელმწიფოსა და თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახლემწიფოს შორი, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მოწვეულ სტუმრებს დროშის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ. "ბმა დროშასა და სამშობლოს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის განმავლობაში, დროშა სანამ იდგა, ქართველები იბრძოდნენ, ასეთი ბმაც არსებობს."

საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ. "სახელმწიფო დროშა თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით, აღწერილობით, სრულად ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მატარებელი დროშაა. დღეს ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს განაცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფოს სურს დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. ის ფაქტიც, რომ ჩვენი სახელმწიფო დროშის გვერდით, მუდმივად, აღიმართება ევროპის დროშა ამ განაცხადის ერთ-ერთი დასტურია.

ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი - გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა ეს გახლავთ, ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება," - განაცხადა მამუკა გონგაძემ.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები, პრეზიდენტის მრჩევლები და მოწვეული სტუდენტები.

 

დღის ამბები