26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
კიევი პუტინისთვის სპეციალურ ტრიბუნალს უკვე გაეროს ტრიბუნიდან ითხოვს - გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე იმსჯელა

ვიდრე ნიუ-იორკში დიპლომატები ომზე საუბრობენ, უკრაინაში ხალხი იღუპება. თუმცა კიევს ესმის, რომ ომი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ტრიბუნებზეც მოსაგები აქვს. სწორედ ამ მიზნით, გაეროში მათ მოსკოვისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს. მაგალითისთვის კი ისტორიიდან ნაცისტები და ნიურბერგის პროცესი მოიყვანეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გამოსვლას უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელიც უსმენდა, რომელიც მუდმივმოქმედი წევრია, ამჯერადაც რუსეთი ისევ ისრების გადატანით იყო დაკავებული და მსოფლიოში მიმდინარე უსაფრთხოების კრიზისი არა რუსულ იმპერიალიზმს, არამედ დასავლურ კოლონიალიზმს დააბრალა. ნებენზია არ იზიარებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო სამართლის გაგებით რუბიკონი გადალახა.

რუსეთის მიერ გაეროს წესდების თავისებური აღქმა, სამყაროს ძვირი უჯდება. მათ შორის საქართველოსაც, რომლის წარმომადგენელმაც გაეროში ყველას გაახსენა, რომ რუსული აგრესია არც ჩვენთვისაა წარსული. ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი კი ჯერ კიდევ რუსული ძალების გავლენის ქვეშ რჩებიან, იქ მყოფები კი ფუნდამენტურ უფლებებს არიან მოკლებულები.

"არ იქნება მშვიდობა სამართლის უზენაესობის გარეშე" - ამბობენ მოკავშირეები, სამყაროში სადაც რუსეთისთვის უზენაესი არა კანონი,არამედ ძალაა. სწორედ ამიტომ, გაეროში დასვეს კითხვა - ეფექტურად იყენებს თუ არა სამყარო მის ხელთ არსებულ მექანიზმებს საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

პოლონეთი არაა ერთადერთი,რომელიც რუსეთისთვის საერთაშორისო სასამართლოს მოითხოვს, შესაბამისად სპეციალური ტრიბუნალი პუტინისა და მისი ქვეშევრდომებისთვის არც თუ ისე შორეულ პერსპექტივად ესახებათ. ამ საკითხზე რეზოლუციას კიევი თებერვლის შემდეგ წარადგენს, თებერვალში კი ომში მყოფ ქვეყანას გენერალურ ასამბლეას ელიან, სადაც ზელენსკის სამშვიდობო გეგმის თაობაზე რეზოლუციას დაარეგისტრირებენ .

დღის ამბები