26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ვისი ხმა ისმის "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიოჩანაწერში და არის თუ არა საუბარი უწყვეტი - კითხვებზე პასუხს დეპუტატთა ნაწილი ელოდება, გიული ალასანია კი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს

მოძრაობა "ხალხის ძალა" "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ჩანაწერის ექსპერტიზაზე გაგზავნას ითხოვს, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია საუბრობს. მოძრაობაში თვლიან, რომ საზოგადოებაში ამ საკითხზე კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ამ მოთხოვნას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი თქმით, საკითხით დაინტერესებული არ არის.

"როგორც უნდათ ისე მიმართონ, მე ეგ მხარე არ მაინტერესებს, მე აქ მოვდივარ მხოლოდ ჩემი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სხვა დანარჩენი ინტრიგები მე არ მაინტერესებს. ეგ მე არ მეხება საერთოდ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ეკუთვნის თუ არა ”კურიერის” მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ხმა-გიული ალასანიას და არის თუ არა საუბარი უწყვეტი? ამ შეკითხვებს პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. სპეციალისტებისთვის მიმართვის ინიციატივა უკვე არსებობს, ავტორი კი "ხალხის ძალაა".

სპეციალისტების დასკვნის მომზადების წინააღმდეგია სააკაშვილის ადვოკატიც.

ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ”ხალხის ძალისთვის” კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩანაწერი ნამდვილია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით მასალის ავთენტურობის დადგენა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ჩანაწერის ნამდვილობის შესწავლის მოთხოვნა ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ფარული მიყურადების და შემდეგ მისი გავრცელების ლეგიტიმაციაა. ორად გაყოფილ პარტიაში საეჭვო დამთხვევებზეც საუბრობენ. უკვირთ რატომ სურს მათი ოპონენტების მსგავსად პარტიასთან კავშირში მყოფ პირებს ექსპერტიზა.

სურს თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ თავმჯდომარეს აუდიომასალის ავთენტურობის დადგენა და იყო თუ არა მის ინტერესში ამგვარი ჩანაწერის არსებობა მელიამ პასუხს დუმილი არჩია. მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხავენ, რომ კვალი სწორედ მელიასთან მიდიოდეს და მისი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყოს.

აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა გაკეთებული წყარომ ”რუსთავი 2-ს” ექსკლუზიურად მიაწოდა. აუდიომასალაში სავარაუდოდ გიული ალასანია საუბრობს. შვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ამ პოლიტიკური ნაბიჯებისთვის მისთვის საინტერესო და გასათვალისწინებელი რუსეთის პოზიციაა.

დღის ამბები