"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი.
ცნობილმა ბლოგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სწორედ კიევის სურვილის შესაბამისად არ შეეხო მინსკს ევროკავშირის სანქციები. იოზვიაკის ნათქვამს ოფიციალური პასუხი მალე სოციალურ ქსელშივე გაეცა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები პაკეტის შინაარსობრივ შევსებაზე მუშაობენ. ოლეგ ნიკოლენკომ დაწერა ისიც, რომ ბელორუსს უკვე არაერთი პერსონალური და სექტორული სანქცია დაუწესდა.
ინფორმაციის უარყოფა, ისევე როგორც ჟურნალისტის განცხადების შინაარსი, საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრ კითხვას აჩენს. თუმცა ამ ყველაფრის პასუხი მათივე განმარტებით ერთია - უკრაინის შერჩევითი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან - პირველ რიგში კი საქართველოსთან მიმართებაში.
რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოს რეჟიმის დასანქცირების წინააღმდეგი? - ეს ხელისუფლების ოპონენტებისთვისაც გაუგებარია, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია პრეტენზიები, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს უყენებენ. ხელისუფლების ოპონენტები იოზვიაკის ინფორმაციას არა, თუმცა უკრაინის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას სრულად ენდობიან.
რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართული ოცნების წევრები დადასტურებულად ვერ საუბრობენ, თუმცა აქცენტს აკეთებენ ცნობილი ჟურნალისტის კულუარულ კავშირებზე. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, უკრაინას ბელორუსისთვის სანქციების დაწესება არ მოეთხოვა, რადგან მიაჩნიათ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ამის ერთ-ერთი არგუმენტი ქართული ოცნებისთვის, კიევის მხრიდან რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრისა და რამდენიმე ქართველი ბიზნესმენისთვის დაწესებული სანქციებიცაა.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ჯერ კიდევ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე წერდა, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროპული პერსპექტივის მინიჭება იქნებოდა.