26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ბრძოლა ფარული ჩანაწერებით -  ვანო მერაბიშვილის როლი ჩანაწერის გავრცელებაში და ნიკა მელიას პირველი გამოჩენა სკანდალური მასალის გავრცელების შემდეგ

ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიკა მელია დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა, თუმცა "კურიერის" კითხვები ”ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა. კახეთში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მყოფმა ნიკა მელიამ კვლავ არაფერი თქვა მასალის ავთენტურობაზე და არც იმაზე, თუ ვინ დგას ჩანაწერების გავრცელების მიღმა.

ნიკა მელიას ნაცვლად, უკვე მეოთხე დღეა აუდიო ჩანაწერზე განმარტებების გაკეთება მის თანაპარტიელებსა და თანამოაზრეებს უწევთ. მოქმედი თავმჯდომარის მომხრეები ფარული მასალის გავრცელების მიღმა, დღესაც მელიას მთავარი კონკურენტის მხარდამჭერებს ხედავენ, ამჯერად ასახელებენ ჯაბა წულაძეს. მამუკა გუგეშაშვილის თქმით, წულაძე, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ახლო მეგობარია სწორედ ის პირია, ვინც ჩანაწერი პირველმა გაავრცელა. მან დღეს კურიერთან კიდევ ერთ დეტალზე ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი ვარაუდობს, რომ ჩანაწერის ერთ ფრაგმენტში მელია ნიკა გვარამიას ესაუბრება.

ჯაბა წულაძე საქართველოში არ ცხოვრობს და არც ნაციონალური მოძრაობის წევრია, თუმცა პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ ის ლევან ხაბეიშვილის ღია მხარდამჭერია.

ხაბეიშვილის ფლანგის მიმართ ეჭვები პირველად დღეს არ გაჩენილა. ბაჩო დოლიძე უკვე რამდენიმე დღეა ღიად ამბობს, რომ ჩანაწერის რეგიონებში გავრცელებისა და შემდგომში ინტერნეტში განთავსების უკან, ვანო მერაბიშვილო დგას.

ლევან ხაბეიშვილი და მისი მომხრეები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, თუმცა პარტიის ის ნაწილი, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ამბობს, რომ მიუღებელია როგორც ბრძოლის ეს ფორმა, ასევე ამ ჩანაწერის აქტიური განხილვა.

გავრცელებული აუდიო ჩანაწერი საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ახლა ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ფარული მიყურადება და შემდეგ მისი გავრცელება ”ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, რომელსაც პარტია ოპოზიციაში ყოფნის დროსაც იყენებს.

ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი 44 წამიანია და ის ინტერნეტ სივრცეში 4 დღის წინ გავრცელდა. მასალაში არ არის დაკონკრეტებული ვის აგინებს ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე, თუმცა, ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე ითქვა, რომ მელია სააკაშვილზე საუბრობდა.

დღის ამბები