26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ადამიანით ვაჭრობა 21-ე საუკუნეში - როგორ დააბრუნეს ტრეფიკინგის მსხვერპლი სამშობლოში და რამდენი პირია დაკავებული ადამიანის გატაცების ფაქტზე

ადამიანით ვაჭრობა და მონობა 21-ე საუკუნეში - კინგ ბოქსინგში ევროპის ჩემპიონი რენატ სამედოვი, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მცხოვრებ სპორტსმენ მეგობართან, ფუად იბრაგიმოვთან ერთად ადამიანით ვაჭრობაშია მხილებული.

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბრალდებულებმა 50 000 დოლარის სანაცვლოდ, მათივე ახლობელი ახალგაზრდა მამაკაცი, ირანელ ნარკობარონს მიჰყიდეს.

ტრეფიკინგის ამ სკანდალური საქმის განხილვა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო, თუმცა განსასჯელის სკამზე მხოლოდ ერთი ბრალდებული ზის. ფუად იბრაგიმოვი ქვეყნიდან გაიქცა და ახლა მიმალვაში იმყოფება.

მიმალვაში მყოფი მეგობრის მსგავსად, დანაშაულს არ აღიარებს ბრალდებული სპორტსმენიც, თუმცა სასამართლო პროცესზე მან დუმილის უფლება გამოიყენა. რენატ სამედოვის ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, რომ უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის გაყიდვაში არ მონაწილეობდა და არც ფული აუღია. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ მრავალტომიან საქმეში ფიგურირებს ირანელი ნარკობარონი ვინმე მაჰმუდი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას გადასცეს ბრალდებულებმა ირანში მოტყუებით ჩაყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ექსპლუატაციის მიზნით.

ტრეფიკინგის მსხვერპლი 40 წლის ქამალ ქამალოვია. მას ბრალდებულთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს. გამოძიების მასალებში დევს ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ირანში დატყვევებულ ქამალოვს, ამბის გახმაურების შემთხვევაში მცირეწლოვანი შვილის მკვლელობით ემუქრებოდნენ. ახლა მისი ოჯახი საქმეზე საუბარს თავს არიდებს. ბრალდებული სპორტსმენის ოჯახის წევრები კი ტრეფიკინგის ფაქტს საერთოდ უარყოფენ.

დაზარალებული მამაკაცი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამი თვის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. საქმის პროკურორი "კურიერთან" ყვება, რომ ქამალ ქამალოვის ტყვეობიდან დახსნა მხოლოდ სამართალდამცველების ჩართულობის შემდეგ მოხერხდა.

ტრეფიკინგის საქმის განხილვა 24 იანვარს განახლდება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესები დაიხურა.

დღის ამბები