სტიქიის შედეგებს ითვლიან იმერეთში - ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობის სახურავი დაზიანდა, მათ შორისაა კერძო სახლები, კორპუსები, სახელმწიფო და კერძო ობიექტები. მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.
დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილები, მოგლეჯილი ხეები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები - ასეთია იმერეთში არსებული სტიქიის შედეგები. რეგიონში მე-4 დღეა ებრძვიან სტიქიას, რომელმაც თითქმის თორმეტივე მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქუთაისში, სადაც დაზიანებულია 250 სახლი და სახურავების ქვეშ ათობით ავტომობილია მოყოლილი.
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე ამ დრომდე დარჩენილია ასეულობით აბონენტი. ცხელ ხაზზე უწყვეტად შედის შეტყობინებები და მოსახლეობა დროულ დახმარებას ითხოვს.
"მანქანა არის მოყოლილი შიგნით, ველოდებით სამაშველოს, გაასუფთავებენ და გამოიყვანენ. სავარაუდოდ 4-5 მანქანა არის შიგნით მოყოლილი. კორპუსის სახურავია გადმოვარდნილი მთლიანად," - ამბობს ადგილობრივი ნანა ჯღარკავა.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა წერეთლის უნივერსიტეტის 7 კორპუსის სახურავი, რის გამოც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა.
"უნივერსიტეტი საერთო ჯამში 22 კორპუსს ფლობს, აქედან 7-ზე სხვადასხვა ზომის დაზიანება არის. მას შემდეგ, რაც სტიქიიდან გამომდინარე ეს პრობლემები შეიქმნა. შესაბამისი ადგილები და უბნები გადაკეტილი არის. ქარის სიძლიერიდან გამომდინარე გუშინ შეჩერდა სასწავლო პროცესი," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო სვანაძე.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების სპეციალური სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ზარალის აღწერაც.
"დღეისათვის ჩვენ უკვე 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული სამწუხაროდ მთლიანად მთელ მხარეში. ამ მომენტისთვის 150-მდე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გაზისა და წყლის მიწოდებაშიც, თუმცა 24 საათის განმავლობაში როგორც აქამდე, ახლაც მუშაობენ შესაბამისი დანაყოფები. ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნას ხანძრები. ასე რომ ძალიან გთხოვთ, შევიკავოთ თავი ყველანაირი პიროტექნიკის გამოყენებისგან," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.