26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
უკრაინამ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან მოითხოვა - რა პოზიცია აქვთ ევროპის ქვეყნებს

უკრაინამ უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან მოითხოვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა. კიევის წარმომადგენლებმა მიზეზად ის ასობით დანაშაული დაასახელეს, რომელსაც რუსები უკრაინაში ჩადიან.

დასავლელ პარტნიორებს უკრაინა შეახსენებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს, როდესაც რუსეთის მიერ დაზარალებული ქვეყნების ხმას არ უსმენდნენ.

საკუთარი თავი ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველომ, ოფიციალური თბილისის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა აცხადებს, რომ ქვეყანა რომელიც ბოროტად არღვევს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის უფლებებს ასეთ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთაშორისო მშვიდობა.

"მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოს, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომლის წარდგენასაც გენერალური ასამბლეის განხილვაზე ვაპირებთ. რუსეთის ქმედებები ცხადყოფს, რომ უსაფრთხოდ აღარავინაა. თუ ქვეყანა, რომელიც ბოროტად არღვევს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის უფლებებსა და პრივილეგიებს, თავს ესხმის გაერო-ს სხვა წევრ ქვეყანას, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ნადგურდება უსაფრთხოება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთაშორისო მშვიდობა, უხეშად ირღვევა კანონის უზენაესობა. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ - შევქმნათ სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს აგრესიის დანაშაულებს," - აცხადებს ჯაპაროვა.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებს სურთ გაყიდონ ნარატივი თითქოს რუსეთია პასუხისმგებელი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ეს განცხადებები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, ადასტურებს, რომ კანონის უზენაესობის შესახებ კითხვის დასმისას, ყოფილ დასავლელ პარტნიორებს უბრალოდ სურთ გაყიდონ ნარატივი თითქოს რუსეთია პასუხისმგებელი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის საფრთხის შექმნაში. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ინტერპრეტაციას, რომელიც სრულადაა დაფუძნებული წესრიგის დასავლურ კონცეფციაზე და სადაც წესებს თავად დასავლეთი ადგენს. ეს კონცეფცია არ შეესაბამება სიმართლეს ან საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის გაეროს წესდებას," - აცხადებს ვასილ ნებენზია.

აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ლინდა ტომას გრინფილდი აცხადებს, რომ რუსეთმა გაეროს წესდება დაარღვია.

"რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას და მისმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები უკრაინაში. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ნათლად და ცალსახად დაგმო რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმი. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ხედავს ნდობის კრიზისს, როდესაც საქმე ეხება ქარტიის და გაეროს დამფუძნებელი პრინციპების დაცვას. რუსეთს უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ყველას, ვინც პატივს არ სცემს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს," - აცხადებს გრინფილდი.

დღის ამბები