დაზიანებული სახლები, სავაჭრო ობიექტები, დენის და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - გურია ძლიერი ქარის შედეგებს უკვე 3 დღეა ებრძვის. ჩოხატაურის შემდეგ, სტიქიამ, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, 100-მდე სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაშავდა ერთი მოქალაქე. ავტომობილს ხე დაეცა, რომელშიც 35 წლის მამაკაცი იმყოფებოდა. რეგიონში მუშაობს სპეციალური შტაბი, ზარალს კი სტიქიის პარალელურად ითვლიან.
სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა სენაკში. სამარშრუტო ტაქსს მოგლეჯილი ხე გადაადგილების დროს დაეცა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ძლიერ ქარსა და მის შედეგებს ებრძვიან სამეგრელოს 3 მუნიციპალიტეტში - სენაკში, ხობსა და ზუგდიდში 600-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. სახურავის გარეშე დარჩენილია საჯარო სკოლები. სამუშაოებს აფერხებს ძლიერი ქარი, რის გამოც თითქმის რეგიონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეზღუდული ფოთში. მერიის თანამშრომელს, რომელიც სტიქიისგან დაზიანებულ ლოკაციაზე იმყოფებოდა, ხე დაეცა, ის მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. სპეციალური კომისია რეგიონში უკვე მუშაობს. დღეს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა საგანგებო თათბირი ჩანიშნა, სადაც მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, არსებულ ვითარებასა და საპრევენციო სამუშაოებზე იმსჯელეს.
მესამე დღეა იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრობლემები რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტშია. ამ დროის მონაცემებით, 300-მდე შენობის სახურავია დაზიანებული, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდებაც. მარტო წუხელ ღამით ათამდე მანქანა დაზიანდა. დაშავებულია 2 ადამიანი . ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალური ცხელი ხაზი მოქმედებს.
მარტო ქუთაისში წუხელ გვიან ღამით რამდენიმე ათეული სახლი დარჩა სახურავის გარეშე, მათ შორის იყო დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა და დაზარალებულებს ქარის გამო დაზიანებული კორპუსის შეკეთებას უმოკლეს ვადებში დაჰპირდა.
სტიქიას აღმოსავლეთ საქართველოც ებრძვის. შეზღუდვებია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე. თოვლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ისევ აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდულია მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე.
ძლიერი თოვლისა და ყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის უღელტეხილზე მოძრაობა, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა თელავის მუნიციპალიტეტსაც. ქალაში ამ დრომდე შეფერხებით გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტიც.
კვლავ ყინვა და ნალექია თბილისში. დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება საკმაოდ გართულებულია. "თბილსერვისის" წარმომადგენლები დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზას წმენდენ. იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული და 350 თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
უამინდობა საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.