26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლების მორიგი კრიტიკა საქართველოს - როგორ პასუხობენ თბილისიდან მიხაილო პოდოლიაკის ბრალდებებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მორიგი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს - მიხაილო პოდოლიაკმა თბილისის მიერ კიევისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა რუსული ინტერესების გამტარებელია. ამ მოცემულობის გამო პოდოლიაკის აზრით, შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან შეუძლებელია.

მკვეთრი შეფასება მოყვა პოდოლიაკის განცხადებას მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები მას იმ დახმარებას ახსენებენ, რაც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გაიღო.

დახმარება, რომლის შესახებაც, მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ, საკმარისი არ არის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში ბუნდოვანია. შესაბამისად, მათ არ უკვირთ ის კრიტიკა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ისმის.

უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების დაპირისპირების მცდელობაა "ხალხის ძალისთვის". მოძრაობის წევრები პოდოლიაკის განცხადებას იმ კამპანიის ნაწილად აღიქვამენ, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

საქართველო ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს - ასეთია ხელისუფლების პოზიცია. კონკრეტული პირების განცხადებები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას ვერ შეცვლის, თუმცა როგორც მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, მიხაილო პოდოლიაკის პოზიცია არამეგობრულია.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები მიხაილო პოდოლიაკმა, "იუთუბ არხ" "გოლოვანოვისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დღის ამბები