26 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ომი ფარული ჩანაწერებით თუ კავშირი რუსეთთან - "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ გიული ალასანიას აუდიო ჩანაწერს, დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, გიული ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელების უკან ნიკა მელიას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პარტიის თავმჯდომარეობისთვის დაწყებული მარათონი კომპრომატების ომში გადაიზარდა. "ოცნება" მელიას შურისძიების მოტივად იმ ჩანაწერს ასახელებს, რომელშიც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს აგინებს.

მელიამ სააკაშვილის ფლანგი საერთო პატრონებთან დააბეზღა - ასეთია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიცია. მამუკა მდინარაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ის, რომ შვილის გადარწმუნებას ცდილობდა და კიევში ძმასთან ერთად იყო ჩასული - ეს ჯერ კიდევ გუშინ დაუდასტურა "რუსთავი 2-ს" გიული ალასანიამ. ექსპრეზიდენტის დედამ თქვა, რომ უკრაინაში თემურ ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა. ალასანიები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყვნენ. საუბრის შინაარსზე და სხვა დეტალებზე საუბარი დღეს გიული ალასანიამ აღარ ისურვა. განმარტა, რომ რუსეთის ფაქტორი მისთვის გადამწყვეტი არასდროს ყოფილა.

მასალის ავთენტურობისა და მასთან მელიას კავშირის არ სჯერათ "ნაციონალურ მოძრაობაში". მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, ფარული ჩანაწერებით პოლიტიკურ ბრძოლას, ამორალურად მიიჩნევენ.

ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დაბრუნების დროს სააკაშვილისთვის რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ჩანაწერებს მიღმა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კვალს თანაბრად ხედავენ გახარიას პარტიაში.

გიული ალასანიას და ოპოზიციას, დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დასდო ბრალი. კანონმდებლებისთვის ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანტირუსული პოზიციონირების მიუხედავად, სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად რუსეთი ყოველთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა.

აუდიო ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა გაკეთებული წყარომ "რუსთავი 2-ს" გუშინ ექსკლუზიურად მიაწოდა. აუდიო მასალაში სავარაუდოდ, გიული ალასანია საუბრობს. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედა ოპოზიციას პარაზიტებს უწოდებს, აკრიტიკებს შვილის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ პოლიტიკური ნაბიჯებისთვის რუსეთის პოზიცია გასათვალისწინებელია.

დღის ამბები