ღვეზელი, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი. მცხეთური ღვეზელის ამ სიაში მოხვედრას საქართველოში არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში დამცინავი რეაქციები მოყვა. ისევე, როგორც ამავე სიაში "ბატონებთან" დაკავშირებული რიტუალური ქმედებების, სიმღერისა და წეს-ჩვეულებების შეტანას.
საქართველომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია გააფართოვა და ძეგლის სტატუსი აპოხტის ხინკალის მომზადების, ასევე რთველის, ქართული ხორბლის და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიციასაც მიანიჭა.
საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს შეუერთდა.
კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები. სია საკმაოდ ვრცელია მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. მაგალითად სომხეთში არამატერიალურ კულტურის ძეგლთა ნუსხაშია ლავაშის გამოცხობა.