26 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
რევაზ ჯაველიძემ საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გახსნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მაკოორდინირებელი უწყების ორგანიზებით, სასტუმრო „რუმს თბილისში“, საჯარო მმართველობის რეფორმის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ გახსნეს.

საბჭოს წევრებს წარედგინათ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი 2023-2026 წლის სტრატეგია და მისი თანმდევი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. შეხვედრაზე შეჯამდა რეფორმის ახალი ფაზის შემუშავების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი, რომელიც არაერთ შეხვედრას, დისკუსიასა და განხილვას მოიცავდა. საბჭოს წევრმა მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს თემატურად წარუდგინეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები.

მონაწილეებმა ასევე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოსაზრებები საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით. პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, მხარი დაუჭირონ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო, რომელიც ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან. რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით 5 ძირითად მიმართულებასთან ერთად, დამატებით კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს, ეს მიმართულებებია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

დღის ამბები