26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ხალხის ძალა“ - კასიანოვმა უკვე კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება

სააკაშვილის ლობისტების გააქტიურებაზე საუბრობს "ხალხის ძალა". განცხადება გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მან ახსენა "ბელინგქეთის" საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ხრისტო გროზევის საჯარო მიმართვა, რომელმაც დოჟძის ეთერში თქვა, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში, ასევე, ბილ ბრაუდერის, ბენ ჰოჯესის და ანდრეი კასიანოვის განცხადებები.

"ხალხის ძალა" ამერიკის ელჩისგან ითხოვს, უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის ინფორმაცია. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ადვილი მისახვედრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება.

"მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ.

ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას. უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები