"ვთამაშობთ ვოდევილს" - იუმორით გაჯერებული ამბავი სიყვარულზე, განშორებაზე, თეატრის ცხოვრებასა და კეთილ დასასრულზე. ორმოქმედებიან სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი ხვალ დიდ სცენახე იხილავს.
ვოდევილი, იგივე მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა წლებია მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე არ დადგმულა. შემოქმედებითი გუნდისთვის გასული საუკუნეების პერსონაჟების ხასიათის გათავისების გარდა, ამ ჟანრის გაცოცხლებაც დიდი პასუხისმგებლობაა.
ვოდევილების გაცოცხლების იდეა რეჟისორ ციცინო კობიაშვილს ეკუთვნის. აკაკი წერეთლის "ბუტიაობა" და ნიკოლაი ნეკრასოვის "არტისტი" - ამ ორ, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულ პიესას მუსიკა, ცეკვა, მოვლენების სწრაფი განვითარება და ბედნიერი დასასრული აერთიანებს.
სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში ხვალ შედგება.