2022 წელს, ეკონომიკის ზრდის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, პირველ კვარტალში - 15% დაფიქსირდა. ეკონომიკის მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში დადებითმა ტენდენციებმა 11 თვის საშუალო მონაცემები კვლავ ორნიშნა ნიშნულზე დატოვა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა 2022 წელი შეაფასა და ის საქმიანობებიც ჩამოთვალა, რამაც ზრდის ტენდენცია განაპირობა.
2022 წლის სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და რეკორდულად მაღალი 1,675.6 მლნ. დოლარი შეაგინა. ყველაზე მეტი ინვესტიცია ამ პერიოდში ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან განხორციელდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 32 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 5,037.1 მლნ. დოლარი გახდა. 32 პროცენტით მოიმატა ასევე იმპორტის მაჩვენებელმაც და თითქმის 12 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2022 წელს გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ გამოწვევების ადეკვატური გამკლავება, არამედ, 2021 და 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლით გაიარა. მთავრობის სწორმა პოლიტიკამ, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, სამომავლოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა.
გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად აისახა უმუშევრობის შემცირებასა და დასაქმების დონის ზრდაზე. 2022 წლის ცხრა თვის მონაცემებით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა დასაქმების დონემ და მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 77 000 კაცით გაიზარდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით მთავრობის პრიორიტეტია პოზიტიური მახასიათებლები ეკონომიკაში მოსახლეობაზე ადეკვატურად აისახოს.
2022 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფისკალური პარამეტრებიც. ბიუჯეტის დეფიციტი 3.1%-მდე შემცირდა და მთავრობის ვალი 40%-ს ჩამოსცდა. წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გამოწვევას ინფლაცია წარმოადგენდა, რომელმაც პიკური პერიოდი უკვე გაიარა. 2022 წლის მაისიდან კი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი 9.8%-მდე შემცირდა.