ბრალდებულმა სასამართლოზე მოკლე სიტყვა თქვა და მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება ითხოვა. გიორგი მღებრიშვილს პროცესზე თავი არ უმართლებია, თქვა მხოლოდ ის, რომ საუკეთესო მეგობარი განზრახ არ მოუკლავს .
რას იტყოდა ბრალდებული? - სავარაუდოდ სწორედ ამის მოსასმენად მივიდა პროცესზე მოკლული ალექსანდრე შეყელაძის მამა, ის "კურიერის" კამერამ გადაიღო. სხდომათა დარბაზი გარდაცვლილის მამამ მაშინ დატოვა, როდესაც მოსამართლემ მოულოდნელად ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მიზეზი ნანა შამათავას არ განუმარტავს. მურმან შეყელაძე საქალაქო სასამართლოდან ისე წავიდა არაფერი უთქვამს.
10 წუთიანი შესვენების შემდეგ, მოსამართლემ ადგილზე ითათბირა და მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ალექსანდრე შეყელაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, სასამართლომ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, ის კადრების განკარგულებში ირიცხებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 8 იანვარს გიორგი მღებრიშვილი, საკუთარ ბინაში, ორ სტუმართან ერთად იყოფებოდა, მათ შორის იყო მოკლული გიორგი შეყელაძე. ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში, არაადეკვატურად იქცეოდა. ოფიციალური ვერსიით, მან სტუმრების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან მოულოდნელად, რამდენჯერმე გაისროლა. ტყვია შეყელაძის მუცლის და ფეხის არეში მოხვდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავეც დააკავეს.
დაკავებულს გამოძიებისთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია. ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ამბობს რომ მღებრიშვილს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს.
მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები - ეს მტკიცებულებები გამოძიებას უკვე აქვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 4 მუხლით დაიწყო . გიორგი მღებრიშვილს ბრალად ედება, განზრახ მკვლელობა, იძულება, სხეულის განზრახ დაზიანება და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება.