დონეცკის ოლქი, სოლედარი - ომის 321–ე დღე უკრაინაში. ქალაქზე კონტროლის დამყარებას რუსი და უკრაინელი სამხედროები ქუჩის ბრძოლებით ცდილობენ. პოზიციებისა და ტერიტორიების დათმობას არ აპირებს კიევი, კრემლი კი თავის ჯარს უკან დახევის ბრძანებას არ აძლევს.
მეთერთმეტე თვეა, ფრონტის მთავარი ხაზი ისევ ბახმუტზე გადის. ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს აქ დიდი დანაკარგი აქვს. უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში დაღუპული და ტყვედ აყვანილი ოკუპანტი სამხედროები ჩანან. თავად უკრაინელი ჯარისკაცები კი ფრონტიდან ვიდეომიმართვას ავრცელებენ.
ვითარება მძიმეა ლუგანსკის ოლქშიც, სადაც სვატოვოსა და კრიმინოეში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ვითარებას მათი მებრძოლები აკონტროლებენ. საოკუპაციო ძალებს იერიში დასახლებულ პუნქტებზეც მიაქვთ.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არსებული ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო მეთაურებთან ერთად განიხილა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას მოსკოვი ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებით პასუხობს. ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა სუმის ოლქის დასახლებებზე 94 იერიში განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას კრამატორსკში 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა. რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს ხერსონშიც, დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვზე თავდასხმის შედეგად კი, 15 ადამიანი დაშავდა.
ვითარება რთულია ოკუპირებულ მარიუპოლში, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. მოქალაქეები საათობით დგანან პურისა და წყლის რიგში. პარალელურად, ქალაქის მერის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც კრემლის გადაწყვეტილებით მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო – პირველ ეტაპზე ყველა მასწავლებლისთვის, ექიმის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის რუსული პასპორტის აღება სავალდებულო გახდა.