ნატომ და ევროკავშირმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, არსებული გამოწვევების ფონზე, თანამშრომლობა ნატოს და ევროკავშირს შორის უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირისა და ნატოს სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა.
"არაჩვეულებრივი გზაა ახალი წლის დასაწყებად. მოვაწერეთ ხელი საერთო დეკლარაციას რომ გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირსა და ნატოს შორის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ერთი წლის წინ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრეზიდენტ პუტინს უკრაინის დაკავება რამდენიმე დღეში უნდოდა და სურდა ჩვენი დაყოფა, რაზეც მარცხი განიცადა. ნატო და ევროკავშირი ამ დრომდე მხარს უჭერს უკრაინას. რუსეთს უნდა მისი მეზობლები აკონტროლოს და დემოკრატიაზე ზეწოლა. ჩვენს მეზობლებში დესტაბილიზაცია ჩვენ სტაბილურობას ძირს უთხრის. ვაფასებთ მეტად მედეგ ევროპას. კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ თანამშრომლობის კუთხით. შვედეთის და ფინეთის შემოერთებით კი ნატო კიდევ უფრო გაძლიერდება,"- აცხადებს სტოლტენბერგი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი ამბობს, რომ ძლიერი მოკავშირეები ერთად ძლიერ ალიანსებს ქმნიან.
"ძლიერი მოკავშირეები ძლიერ ალიანსებს ქმნიან. ჩვენი ორგანიზაციები ახლოსაა ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. ახლოს ყოფნით უფრო ძლიერები ვართ. პუტინს ნაკლები ნატო სურდა საზღვრებთან და მეტი ნატო მიიღო. ჩვენ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი გვექნება. ჩვენ გაფართოების პოლიტიკას ვაჩქარებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მივეცით მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ერთმანეთს ისე ახლოს ვართ როგორც არასდროს. ძლიერი ევროპა ძლიერ ნატოს ქმნის," - აცხადებს შარლ მიშელი.