26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ბუკ-ის" სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

არასწორია ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ "ბუკის" საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინის" შესყიდვის მიზნით კი, თავდაცვის უწყებამ 2017 წელს ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ "ბუკ-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ-ის" სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-გან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინის" შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია," - ნათქვამია განცხადებაში. 


დღის ამბები