26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
არავის დასამადლებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს, რადგან ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფული გვაქვს ამაში გადახდილი - რატი იონათამიშვილი კასიანოვის განცხადებაზე

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სარაკეტო კომპლექსები 2008 წელს საქართველომ უკრაინისგან შეისყიდა. 

"ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის, რომ 2008 წელს მაშინ, როდესაც მშვიდობა იყო, მხოლოდ მაშინ მოხდა შესყიდვა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სარაკეტო კომპლექტების და ფაქტი არის, რომ არავის დასამადლებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს, რადგან ფული გვაქვს ამაში, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფული გადახდილი.

ძალიან უხერხული არის მსგავსი განცხადებების კეთება და მით უმეტეს, ქრონოლოგიას თუ დავაკვირდებით, გამოდის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინას ამერიკაც კი უარს ეუბნებოდა ჰაერის გადაკვეთაზე, ჩვენ გვთხოვდა ვინმე, რომ საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები გადაგვეცა უკრაინისთვის. საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები რასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.   

კიევი თბილისს "ბუკის" საჰაერო თავდაცვის კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის უკრაინაში გაგზავნას. კასიანოვმა თქვა, რომ ჯაველინის სისტემასთან დაკავშირებით, იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

რა პოზიცია აქვს ამერიკულ მხარეს კასიანოვის ინფორმაციაზე და დაადასტურებს თუ არა ვერსიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. 

დღის ამბები