ასობით დაკავებული და ათობით დაშავებული - ბრაზილიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამ შედეგით დასრულდა. ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადების გარღვევა შეძლეს და სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. ძალადობრივი ხასიათის პროტესტში 3 000-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და მხოლოდ სამი საათის შემდეგ შეძლო კონგრესიდან, პრეზიდენტის სასახლიდან და უზენაესი სასამართლოდან აქციის მონაწილეების გაყვანა.
აქციის მონაწილეების ბრალდებების მიუხედავად, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნებზე თაღლითობის დანაშაულები არ გამოვლენილა. დემონსტრანტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნაში ხელისუფლების შეცვლა სამხედრო ძალის ჩარევით შესაძლებელია.
მოქმედმა პრეზიდენტმა ლულამ, რომელიც მოვალეობას ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა ასრულებს, საპროტესტო აქცია დაგმო და დემონსტრანტებს ფაშისტები უწოდა.
სამთავრობო შენობებზე შტურმი და და აქციის მონაწილეების მოქმედება ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმაც დაგმო. მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ ბოლსონარუს, რომელსაც ბრაზილიელ ტრამპს უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია.
მომხდარმა მსოფლიოს 2 წლის წინ, შეერთებული შტატების კონგრესში მომხდარი მოვლენები გაახსენა. ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეჭრა დაგმეს აშშ-მა და გაერომ. არსებული ვითარების ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქში თვის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.