ხარკოველი ექიმები 10 წლის გოგონას სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მოზარდს რაკეტის ნამსხვრევი საძილე არტერიასთან მოხვდა. ბავშვი მშობლებთან ერთად შევჩენკოვის რაიონში, ბაზარში იყო, როცა საოკუპაციო ძალების თავდასხმა განხორციელდა. რუსეთმა ხარკოვის ოლქის სასურსათო ბაზარზე "ს 300 ტიპის" სარაკეტო სისტემიდან მიიტანა იერიში. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 10 წლის ბავშვთან ერთად დაჭრილია კიდევ 8 მშვიდობიანი მოქალაქე.
ახლა რუსი ოკუპანტების სამიზნეა ქალაქი ხერსონი, სადაც ყოველდღიურად იბომმბება საცხოვრებელ კორპუსები. ბოლო საარტილერიო თავდასხმას იქ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილები კი კლინიკებში გადაიყვანეს.
ღამით იბომბებოდა ნიკოპოლიც. ზაპორიჟიას რეგიონში რუსმა სამხედროებმა იერიში 19 დასახლებაზე მიიტანეს. ბოლო 24 საათში რუსეთმა 144-ჯერ დაბომბა სუმის ოლქის დასახლებები. ყველაზე ცხელი წერტილია დონეცკის ოლქი, სადაც ოკუპანტების თავადასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.
მძიმე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ქალაქი ბახმუტია. კადრებში ჩანს, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია. იქ დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინელი მოხალისეები ეხმარებიან. დახმარების ცენტრი თავშესაფარშია, გარეთ ვერავინ გადის, რადგან მხოლოდ ეს ადგილია შედარებით უსაფრთხო.
ბახმუტის გარდა აფეთქებების ხმა განუწყვეტლივ ისმის სოლედარშიც. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის ნაწილს უკრაინელი, ნაწილს კი რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მძიმე საარტილერიო შეტევებთან ერთად, სოლედარში ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
მძიმე ბრძოლებზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყურადღება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
მშვიდობის გარანტი კი უკრაინელებისთვის რუსეთის ჯარის ტერიტორიიდან გაყვანაა, რასაც კრემლი არ აპირებს. მედიაში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ მოსკოვის მიერ გამოცხდებული კიდევ ერთი მობილიზაცია უკვე დაიწყო და რუსეთის ეს მოქალაქეები მალე უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზზე აღმოჩნდებიან.