26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
სააკაშვილის სია უნდა არსებობდეს, მსგავსად ყარა-მურზას სიისა და მაგნიტსკის სიისა - ხატია დეკანოიძე

"ჰერითეჯ ფაუნდეიშენის" აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

"გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ," - წერს ბილ ბრაუდერი ყოფილ პრეზიდენტს.

სააკაშვილმა მაგნიტსკის აქტის ავტორს, ბილ ბრაუდერს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მაგნიტსკის და ყარა-მურზას სიის მსგავსად სააკაშვილის სიაც უნდა არსებობდეს და მასში აუცილებლად უნდა შევიდეს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

"სააკაშვილის სია უნდა არსებობდეს, მსგავსად ყარა-მურზას სიისა და მაგნიტსკის სიისა. რა თქმა უნდა, სამართლებრივი პაკეტი იკვრება და აუცილებლად გადაეცემა ყველა იმ დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორს, რომელსაც აინტერესებს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც პოლიტიკური მართლმსაჯულება გამოიყენა იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია ახლა. ჩემი აზრით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს მათ შორის იუსტიციის მინისტრი," - აცხადებს დეკანოიძე.

"რეფორმების" ჯგუფის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, სააკაშვილის საქმეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან სხვა სახის სამუშაო ფორმატი.

"ინიცირებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", მე როგორც მახსოვს, საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თვლის ოპოზიციად თავს, 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში ასეთი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ, ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება რაღაც სამუშაო ფორმატი შეიქმნას, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვნის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელ მდგომარეობაშიც ის იმყოფება დღეს," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები