26 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
როგორი იყო შობის ღამე ფრონტის ხაზზე - გამოცხადდება თუ არა ახალი მობილიზაცია რუსეთში

"საშობაო ზავი" არ შედგა - რუსეთმა 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული პირობა დაარღვია. ქრისტეშობის დღესასწაულზე, უკრაინაში რუსული ბომბები ჩამოცვივდა. დაბომბილია - ხარკოვი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ბახმუტი და ნიკოპოლი. "მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დარწმუნებულიყო, რამდენად ყალბია მოსკოვის სიტყვები" - ასე გამოეხმაურა რუსულ დარღვეულ დაპირებას უკრაინის პრეზიდენტი. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოსკოვის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთის არმიამ, უკრაინას ბოლო 24 საათის განმავლობაში, 40-ჯერ დაარტყა მრავალჯერადი სარაკეტო, საჰაერო სისტემით და 10-მდე რაკეტით.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ახალი შეტევისთვის ემზადებიან, ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინმა იანვარშივე მორიგი მობილიზაციის შესახებ გამოაცხადოს. ამჟამად უკრაინას რუსეთთან გამკლავება დაახლოებით 1500-კილომეტრიან აქტიურ ფრონტის ხაზზე უწევს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების 16 დასახლებაში მოიგერიეს. ღამე რუსებმა იერიში განახორციელეს კრამატორსკსა და "კონსტა ნოვკაზეც".

 რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტის საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს. დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ბახმუტი კვლავ რჩება რუსეთისთვის აუღებელ ქალაქად. უკრაინელი სამხედროები დამხმარე ძალებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის შენარჩუნებას. გარდა ამისა რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი დაბომბეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს, 7 იანვარს საღამოს, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში განახორციელეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ "ორიხივში" ჩაიტანა. ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული. ამ ოლქის ქალაქების დასაბრუნებლად, უკრაინა იბრძვის უკვე რამდენიმე თვეა და გარკვეულ ნაწილში წინსვლაც აქვს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების 40% გათავისუფლებულია. მათ შორის არის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ტერიტორიები, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები და რეგიონები. ფრონტის ხაზზე უწყვეტი საომარი მოქმედებების შედეგად კი, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა მონაცემები დაღუპული სამხედროების შესახებ. გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, ხოლო უკრაინამ 14 000-მდე სამხედრო დაკარგა. დასავლურ მედიაში კი შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება რადიკალურად განსხვავებული მონაცემები. ამერიკული მხარის ინფორმაციით, ომში საერთო ჯამში 200 000-ზე მეტი სამხედროა დაღუპული, დაახლოებით 100 000 რუსეთის მხრიდან, ამდენივე უკრაინის მხრიდან.

რუსეთის მიერ მუდმივი თავდასხმის პარალელურად, უკრაინა კვლავ ენერგო-კრიზისის წინაშეა. ქვეყნები აგრძელებენ შესაბამისი ტექნიკით დახმარებას. უკრაინამ საქართველოსგან მაღალი სიმძლავრის გენერატორები მიიღო. სულ 25ი ერთეული. საქართველოს საელჩოს ჩართულობით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა. დახმარება მიიღო ხარკოვის, მიკოლაევის, ლვოვის და კიევის ოლქებმა. საქართველომ უკრაინისთვის, პრემიერის დავალებით სამრეწველო დანიშნულების გენერატორები ცოტა ხნის წინ შეიძინა. მათი საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები მუშაობას საგანგებო რეჟიმშიც შეძლებენ.

 

დღის ამბები