26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
რას ამბობენ ადგილობრივები თერჯოლაში დაღუპულ ცოლ-ქმარზე

მკვლელობა იმერეთში - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში დაღუპული ცოლ-ქმარი იპოვეს.ერთ-ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გასროლა სანადირო თოფიდან განხორციელდა, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.

თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია და არ გამორიცხავენ, მკვლელობა სხვა პირის მიერ იყოს ჩადენილი. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ძარცვის კვალი არ არის.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

"დილით შეიქმნა წივილ-კივილი, რომ გამოვიხედეთ, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. მოვიდა რამდენიმე მანქანა, მერე ვიკითხეთ, რა ხდებოდა და აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი თოფით მოუკლავთ. 2 ცხედარი ნახეს დილით," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"პირველი მეზობლის ბიჭი მისულა. ჩემთან უნდა მოსულიყვნენ და რომ არ მოვიდნენო, თვითონ მისულა მათთან. გამოვაღე კარი და ვნახე, ერთი ერთ მხარეს დაგდებული, მეორე მეორე მხარესო, სანადირო თოფი იქვე დაგდებული ძირს, თავისივე[გარდაცვლილი მამაკაცის] თოფი. ჩვენ არაფერი გაგვიგია, არც თოფის... მე უფრო ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოკლა, ისეთი ცოლ-ქმარი იყვნენ, გამოვრიცხავ [ერთმანეთი მოეკლათ]. წასაღები ისეთი არაფერი ჰქონდათ და არც არაფერია წაღებული. არ ვიცი რა უნდა ვივარაუდო, თვითონ არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა..." - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები