რუსულმა მხარემ, 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული პირობა დაარღვია. დროებითმა ზავმა უკრაინაში არ იმუშავა - დაიბომბა ხერსონი, ბახმუტი, ხარკოვი, ნიკოპოლი და ზაპოროჟიე, არის მსხვერპლი.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში გაეროს მისია დაბომბეს. მისიას ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორი-ჰივში მიჰქონდა. დაღუპულებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკიპოლის 2 დასახლება. დარტყმა იყო დონცკზეც, სადაც 2 ქალაქში, 9 რაკეტა ისროლეს. საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სუმის ოლქში.
"დანაკარგების შესავსებად და შეტევის შესანარჩუნებლად, მტერს გადაყავს პერსონალი, იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები საომარი მოქმედებების ადგილებში. რუსი ოკუპანტების მიერ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, გასული დღის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო, 3 საჰაერო დარტყმა და 40 იერიში განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა 16 დასახლებულ პუნქტზე ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს. დიდი დანაკარგებით მტერი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის, ავდივისა და ლიმანის რაიონებში და ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია კუპიანის რაიონებში. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ დაარტყა მოწინააღმდეგის 21 საკონცენტრაციო ზონას, ასევე მის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს.პარალელურად ჩამოაგდეს ორლან-10 ტიპის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.ჩვენი სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფებმა დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 5 უბანსა და მტრის საბრძოლო მასალის 2 საწყობს," - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ალექსანდრ სტუპუნმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა.
"რაღაც თქვეს, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა რეალობა ის არის რომ რუსული ჭურვები კვლავ ხვდება ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსი დამპყრობლები უკრაინული მიწიდან განიდევნებიან. ასევე მაშინ როცა აღიკვეთება რუსეთის ზეწოლა ევროპასა და უკრაინაზე. ამისთვის ვმუშაობთ, სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პარტნიორების დახმარება, სწორედ ასეთ მიზანს ისახავს ახლა ცივილიზებული სამყარო," - განაცხადა ზელენსკიმ.